2006 წლის 19 აპრილი
"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" დირექტორის ბ-ნი კენ ვოლკერის ჯილდო საქართველოში გაწეული საქმიანობისათვის
პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის და ატლანტა-თბილისის პარტნიორობის მიერ, რომელთა საქმიანობას სათავეში ბ-ნი კენ ვოლკერი უდგას, განხორციელდა აშშ-საქართველოს არა ერთი საინტერესო ერთობლივი პროექტი, მომზადდა 300-მდე სპეციალისტი მედიცინისა და მენეჯმენტის საკითხებში, დამყარდა მრავალწლიანი თანამშრომლობა მედიცინის სხვადასხვა დარგში, მათ შორის გადაუდებელ მედიცინაში, საექთნო საქმეში, აივ ინფექცია/შიდსში, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების მართვის სფეროებში. 2004 წელს ბ-ნი კენის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა ბ-ნმა მიხეილ სააკაშვილმა და მას მიანიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება
"პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" დირექტორის ბ-ნი კენ ვოლკერის ჯილდო საქართველოში გაწეული საქმიანობისათვის.
PfID-ის დირექტორს, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორს ბ-ნ კენ ვოლკერს მიენიჭა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გამორჩეული მოქალაქის წოდება საქართველოში განხორციელებული ინოვაციური პროექტისათვის - პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის განყოფილების დაარსება, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტითა და ემორის უნივერსიტეტისა და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი 2004 წელს. ბ-ნ კენთან ერთად იგივე წოდება მიენიჭა იაშვილის საავადმყოფოს დირექტორს ბ-ნ ირაკლი სასანიას. აღნიშნული ჯილდო განკუთვნილია მათთვის, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების პროექტების წარმატებულ განხორციელებაში და მისი დაარსებიდან მხოლოდ 8 პიროვნებას მიენიჭა ევოპისა და აზიის ტერიტორიაზე. ბ-ნი კენის ლიდერობით შესაძლებელი გახდა ემორის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების მობილიზება, რომლებმაც ენთუზიასტ ქართველ კოლეგებთან ერთად შეძლეს ქვეყნისთვის აუცილებელი ახალი სამსახურის შექმნა, რასაც პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის განყოფილება ჰქვია.
ბ-ნ კენს აღნიშნული ჯილდო ემორის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 19 აპრილს გამართულ სპეციალურ მიღებაზე გადასცა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ მთავრობის წარმომადგენლებმა. ცერემონიაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდა ასევე ემორის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბ-ნი ჯიმ ვაგნერი.
|